
პოლიტიკა
„საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს უვიზო რეჟიმი“ - აცხადებს ევროკომისია
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ევროკომისია აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის „სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით“, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს იმ ახალი წესების ფარგლებში, რაც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შედის.
იმაზე პასუხად, რასაც საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას უწოდებს, ევროკავშირს 2025 წლის იანვრიდან უკვე შეჩერებული აქვს უვიზო მიმოსვლა საქართველოს სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის.
თუმცა, ამის მიუხედავად, დირექტივა ბლოკის ყველა წევრს არ შეუსრულებია, - მათ შორის უნგრეთსა და სლოვაკეთს.
2025 წლის 19 დეკემბერს ევროკომისიამ მიიღო სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის მორიგი, მერვე ანგარიში.
მიღებული დოკუმენტის ძირითად მიგნებებში წერია, რომ „კონკრეტულად საქართველოს სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და საქართველომ 2024-2025 წლებში გადაუხვია თავისი გზიდან, მიუხედავად ბოლო წლების არაერთი რეკომენდაციისა".
ევროკომისია მიუთითებს, რომ „პარტნიორების უმეტესობა ასრულებს ვალდებულებებს ანტიკორუფციული პოლიტიკის მიმართულებით, თუმცა საქართველომ გააუქმა ადრინდელი რეფორმები“.
ევროკომისია 19 დეკემბერს მიღებული ანგარიშის ძირითად მიგნებებში საუბრობს საქართველოს მიერ არაერთი „ძირითადი კრიტერიუმის შეუსრულებლობაზე“. კერძოდ, იხსენებს, რომ:
„კომისიამ წარსულში უკვე გამოთქვა შეშფოთება საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული დარღვევების, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპების დარღვევის შესახებ და არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ამ საკითხების მოსაგვარებლად და კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად“.
შემდეგ წერს, რომ ამ მოწოდებების მიუხედავად, საქართველომ „დაარღვია ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის დროს აღებული მრავალი ვალდებულება და ვერ შეასრულა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მეშვიდე (2024 წლის) ანგარიშის რეკომენდაციები“.
„ამ [დემოკრატიული] უკუსვლის სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით, კომისია განიხილავს შესაბამის ზომებს ვიზების შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში, რომელიც ძალაში შევა 2025 წლის 30 დეკემბერს“, - წერს ევროკომისია.
ევროკომისია იქვე აკონკრეტებს:
ევროკომისია წერს, რომ გააგრძელებს პარტნიორი ქვეყნების მიერ სავიზო ლიბერალიზაციის მოთხოვნებისა და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს.
დღესვე, 19 დეკემბერსავე, ევროკომისარმა შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერმა განაცხადა:
„თუ [უვიზო მიმოსვლის] სისტემა არასწორად გამოიყენება, ამან შეიძლება მიგრაციისა და უსაფრთხოების სერიოზული პრობლემები შექმნას... თუ მესამე ქვეყნები არ ითანამშრომლებენ, ჩვენ დაგვჭირდება მკაფიო სანქციები. ეს იქნება ჩვენი ვიზების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც იანვარში წარვადგენთ“.
ამ საკითხზე ორიოდე დღის წინ ისაუბრა ევროკომისარმა დემოკრატიის, მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობისა და მომხმარებელთა დაცვის საკითხებში, მაიკლ მაკგრათმაც.
ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმი ახალ შესაძლებლობას გააჩენს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი ადამიანების დასასანქცირებლად.
მაკგრათმაც ისაუბრა ვიზის შეჩერების მექანიზმის ახალ წესებზე, რაც, მისი სიტყვებით, ევროკომისიას მისცემს მეტ შესაძლებლობას „შესაბამისი ზომების მისაღებად“:
„მიმდინარეობს დისკუსიები საქართველოს დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებელი პირების მიმართ პოტენციური სანქციების დაწესების შესახებ“, - განაცხადა მან.
ხელისუფლებაზე საუბრისას კი თქვა: „როგორც ჩანს, მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპული მომავალი ჩამოერთმიათ“.
2025 წლის 4 ნოემბერს ბრიუსელში გამართულ „ევროკავშირის გაფართოების სამიტზე“ ითქვა, რომ „საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის მხოლოდ სახელი დარჩა“;
2025 წლის 17 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობამ (დანიამ) გამოაქვეყნა ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული დასკვნები, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებით - დოკუმენტს აქვს 27 წევრი ქვეყნიდან 26-ის მხარდაჭერა. დასკვნებს, რომლებიც მხოლოდ საქართველოს არ ეხებოდა, უნგრეთი შეეწინააღმდეგა.
ევროკავშირის საბჭომ - უნგრეთის გამოკლებით - საქართველოს მოუწოდა, „გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული“ ადამიანი, „გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა“; ასევე მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმები“.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ პასუხად განაცხადა, რომ ევროკავშირს „არავითარი კრიტიკის საფუძველი“ არ გააჩნია.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→