ახალი ამბები
ბიზნესპრესნიუსი
•11 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
„ჩვენს ქსელურ მარკეტებში კვერცხის მარაგები შეივსო - პრობლემა აღმოფხვრილია“, - ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსს“ რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ სოფო ქაშაკაშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირაა მოქალაქეები ქვეყანაში მოქმედ ქსელურ მარკეტებში დახლებზე კვერცხის ნაკლებობასთან დაკავშირებით საუბრობენ. როგორც მეფრინველეობის ასოციაციაში „ბიზნესპრესნიუსს“ უცხადებდნენ, კვერცხის რაოდენობის კლება იმპორტის შემცირებამ გამოიწვია. პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომარაგების შეფერხების მიზეზი ფრინველებში გრიპის გავრცელება იყო, რამაც ადგილობრივი წარმოება შეამცირა. ფრინველის გრიპის გავრცელებას არ ადასტურებენ სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სააგენტოში განუცხადეს, ფრინველში რაიმე სახის დაავადების გავრცელების შესახებ, დარგის წარმომადგენლებისგან არცერთი შეტყობინება არ მიუღიათ,
როგორც რითეილ ასოციაციის თავჯდომარემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, კვერცხის მარაგები კვირის დასაწყისში შეივსო.
"შეივსო მარაგები ამ კვირაში და აღარ უნდა იყოს პრობლემა. შეიძლება რომელიმე კონკრეტულ ქსელს კიდევ ჰქონდეს შეფერხება და იყოს ერთეული მაღაზიები, რომელიც ამ ეტაპზე კიდევ არ არის დაფარული, მაგრამ ძირითადი ნაწილი მარაგების შევსებულია. ჩვენს ქსელურ მარკეტებში წესით ყველგან არის აღმოფხვრილი ეს პრობლემა. მარაგები კვირის დასაწყისიდანაა შევსებული და ამ კვირაში უკვე ამოწურული უნდა იყოს პრობლემა. საუბარია, ჩვენს ასოციაციაში შემევალ ქსელურ მარკეტებზე, სხვების ნაცვლად კი ვერ ვისაუბრებ. კვერცხი მოგვაწოდეს ისევ ჩვენმა მომწოდებლებმა, თუმცა იმპორტირებულია თუ ადგილობრივი, სჯობს ეს მეფრინველეობის ასოციაციასთან გადამოწმდეს“, - განაცხადა სოფო ქაშაკაშვილმა.
სოფო ქაშაკაშვილმა მომარაგების შეფერხების გამომწვევ ზუსტ მიზეზებზე ვერ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ შეფერხება დაახლოებით 10 დღის განმავლობაში შეინიშნებოდა.
„სადღაც 10 დღე გრძელდებოდა, მაგრამ ამას დეფიციტს ვერ დავარქმევდი. ისე არ იყო, რომ საერთოდ არ ყოფილიყო კვერცხი დახლებზე. არანაირი შეფერხებების მოლოდინები არ გვაქვს, თუ რაღაც ფორსმაჟორი არ მოხდა. სტაბილურად გაგრძელდება ვაჭრობა, ჩვეულ რეჟიმში. წინასაახალწლოდ ძალიან დატვირთული პერიოდი გვაქვს და ვემზადებით მაქსიმალურად, რომ მარაგები იყოს შევსებული. თუ ჩვეულებრივ პერიოდში რაღაც რაოდენობა გვაქვს გათვლილი, ახლა ორჯერ და სამჯერ უფრო მეტი რაოდენობით ივსება საწყობები“, - განაცხადა რითეილ ასოციაციის თავმჯდომარემ.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→