ახალი ამბები
ბიზნესპრესნიუსი
•8 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასრსა“ და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Perplexity AI-ში წილი შეიძინა. ინფორმაციას Bloomberg კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეს მილიარდერი ფეხბურთელის ყველაზე გახმაურებული ინვესტიციაა. რონალდუს წილის ოდენობა და გარიგების ფინანსური პირობები არ საჯაროვდება. Perplexity-ში აცხადებენ, რომ ფეხბურთელთან გლობალური პარტნიორობის ხელშეკრულება დადო, რაც, ინვესტიციის გარდა, Perplexity-ის ვებგვერდზე “CR7”-ის სახელწოდებით ინტერაქტიული ჰაბის ჩაშვებას მოიცავს. ამ განყოფილებაში გულშემატკივრები რონალდუს კარიერის შესწავლას, იშვიათი სურათებისა და სხვა მასალის, მათ შორის, ლეგენდარული გოლების კადრების ნახვას შეძლებენ და მათ მიღმა არსებულ ისტორიებს გაეცნობიან. განყოფილებას მოგვიანებით ახალი კონტენტი და ექსკლუზიური პროდუქცია დაემატება.
Perplexity 2022 წელს დაარსდა. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი ბელარუსი დენის იარაცია. Bloomberg-ის ცნობით, Perplexity ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპია. კომპანია საკუთარ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ საძიებო სისტემას ავითარებს და Google-ის კონკურენტად პოზიციონირებს. სექტემბერში, დაფინანსების რაუნდის შემდეგ, Perplexity 20 მლრდ დოლარად შეფასდა.
40 წლის რონალდუ “ოქროს ბურთისა” და ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებული, ევროპის ჩემპიონი და UEFA-ს ერთა ლიგის ორგზის გამარჯვებულია. ნაკრებების დონეზე ის ყველაზე პროდუქტიული ფეხბურთელია, ევროპულ კლუბებში გამართული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენი, ხოლო ევროპის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. რონალდუ “ალ-ნასრში” 2022 წლის დეკემბრიდან თამაშობს.
ცნობისთვის: ნოემბერში, Perplexity-ში ინვესტიციის გამჟღავნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რონალდუ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. საუბრის დეტალები არცერთ მხარეს არ გაუმხელია. თუმცა ონლაინ-მომხმარებლები ვარაუდობდნენ, რომ ტრამპმა და რონალდუმ კომერციულ ან სარეკლამო შეთანხმებას მიაღწიეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→