ახალი ამბები
ბიზნესპრესნიუსი
•5 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კორუფციული დანაშაულის საქმეზე შპს „ლოგი“-ს დირექტორი, შპს „ს.კ. 2000“-ის დირექტორი და ააიპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ტექნიკური ზედამხედველი პასუხისგებაში მისცა.
სუს-ის ინფორმაციით, თბილისის, გლდანის რაიონის გამგეობასა და შპს „ლოგი“-ს შორის, 2023 წლის 3 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება მუხიანი 2-ის დასახლებაში, სამეგრელოს ქუჩის კანალიზაციის გარე ქსელის მოწყობასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე, ღირებულებით 572 907 ლარი. აღნიშნული სამუშაოების კონტროლი დაევალა „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ წყალსადენ კანალიზაციის და სანიაღვრე ქსელების ტექნიკურ ზედამხედველ პირს.
„შპს „ლოგი“-ს დირექტორმა შპს „ს.კ. 2000“-ის დირექტორთან ერთად დაამზადა ყალბი დოკუმენტები, თითქოსდა, 3 738 კუბური მეტრი მოჭრილი გრუნტი, 178 რეისად გატანილი იქნა 12 კილომეტრის მანძილზე მდებარე ლიცენზირებულ ნაგავსაყრელზე, რაც სინამდვილეში შპს „ლოგის“ მიერ არ განხორციელებულა და მოჭრილი გრუნტი გადაყარეს სამუშაოების განხორციელების ადგილას მდებარე ხევში.
გრუნტის გატანის და განთავსების შესახებ ყალბი დოკუმენტაცია წარადგინეს თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიაში, სადაც ზედამხედველის მიერ შედგა ყალბი აქტი, რომელშიც მითითებული იყო, რომ 3 738 კუბური მეტრი მოჭრილი მიწა თითქოსდა გაიტანეს ლიცენზირებულ ნაგავსაყრელზე, აღნიშნული ყალბი მონაცემები ასახეს შესრულებული სამუშაოს აქტებში - ფორმა N2-ებში, რის საფუძველზეც შპს „ლოგი“-ს გლდანის რაიონის გამგეობიდან ჩაერიცხა 104 290 ლარი.
აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25.180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვის ეკუთვნის კომპანიები, რომელთა დირექტორებიც პასუხისგებაში მიეცნენ.
შპს „ლოგი“ სამეწარმეო რეესტრში 2017 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორად გიორგი ლონდარიძე ფიქსირდება. ისვე ფლობს „ლოგის“ 100%-იან წილს. Tender Monitor-ზე არსებული მონაცემების მიხედვით, „ლაგს“ მონაწილეობა აქვს მიღებული 80 ტენდერში, საიდანაც 14-ში გაიმარჯვა. ჯამურად გაფორმებული კონტრაქტების ღირებულება 3 313 832 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება შპს „ს.კ. 2000“-ს, ის სამეწარმეო რეესტრში 2017 წელს დარეგისტრირდა. კომპანია დაკავებულია ნარჩენების შეგროვება/ტრანსპორტირებით. კომპანია არ ფიქსირდება სახელმწიფო ტენდერებში.
ამასთანავე, „ს.კ. 2000“-ის დირექტორი და მესაკუთრე რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე დავით წიკლაურია. წიკლაური გვხვდება პარტიული შემომწირველების სიაშიც. მან 2025 წლის სექტემბერში „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ 5 000 ლარი შესწირა.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→