ახალი ამბები
ბიზნესპრესნიუსი
•6 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ევროკავშირი რუსეთს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სიას ამატებს - ამის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე კვირას Politico-მ გაავრცელა.
თუმცა არსებობს სხვადასხვა „შავი სია“. ერთი არის FATF-ის, ანუ ფულის გათეთრებასთან ბრძოლისთვის ფინანსური ზომების შემუშავების საერთაშორისო ჯგუფის სია და ცალკე ევროკავშირის “შავი,” ანუ „ნაცრისფერი“ სია. ეს ორი სია იდენტური არ არის, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის სიაც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლას ეხება.
მაგალითად, FATF-ს უკრაინაში შეჭრის შემდეგ მხოლოდ რუსეთის წევრობა აქვს შეჩერებული და ის არც თავის “ნაცრისფერ” და არც “შავ” სიაში არ გადაუყვანია. თუმცა ევროკავშირმა წელს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის საკუთარი ორგანო (AMLA) შექმნა და ამჯერად ევროკომისიის გადაწყვეტილების პროექტში გაერთიანების „შავ” სიას რუსეთიც დაემატა.
FATF (Financial Action Task Force) საერთაშორისო ფინანსური დაზვერვის ქსელია, რომელიც ქვეყნებს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სტანდარტების დაცვით აფასებს. თუ ქვეყანა ფინანსური დაზვერვის ქსელის მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს არ ასრულებს, ის „ნაცრისფერ“ ან „შავ“ სიაში ხვდება.
კერძოდ, FATF-ის “შავ” სიაში ჩრდილოეთ კორეა, ირანი და მიანმარია, ხოლო „ნაცრისფერში“ ალჟირი, ანგოლა, ბოლივია, ბულგარეთი, კამერუნი, კოტ-დ’ივუარი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ჰაიტი, კენია, ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ლიბანი, მონაკო, ნამიბია, ნეპალი, სამხრეთ სუდანი, სირია, ვენესუელა, ვიეტნამი, ვირჯინიის კუნძულები (დიდი ბრიტანეთი) და იემენია.
რაც შეეხება ევროკავშირს, მსგავსი სია მასაც აქვს და თავისი იურისდიქციით შემოიფარგლება. თუმცა ეს სიები იდენტური უკვე აღარ არის. თუ ადრე ევროკავშირი FATF-ის ლოგიკას მიჰყვებოდა და საერთაშორისო სიაში შემავალ ქვეყნებს თავის „შავ“ სიაში უბრალოდ აკოპირებდა, 2023 წლიდან გაერთიანებამ ანტიკორუფციულ სტანდარტებზე ფოკუსირება და თავის სიაში სხვა ქვეყნების ჩართვა დაიწყო, რომლებიც, მისი შეფასებით, ფულის გათეთრების მაღალ რისკს წარმოადგენენ.
FATF-სა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის ფუნდამენტური განსხვავება ისაა, რომ პირველი ჯგუფი ქვეყნებისა და მონაწილეების უფრო დიდ რაოდენობას მოიცავს, რომლებიც დე ფაქტოდ რეგიონული ჯგუფების მიხედვით არიან გაერთიანებული. კერძოდ, არსებობს ცალკე ჯგუფი ევრაზიისთვის, ცალკე კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებისთვის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონისთვის, აფრიკისთვის, ლათინური ამერიკისა და ევროპის რეგიონისთვის. თითოეული მონაწილე ქვეყანა FATF-ის ამა თუ იმ რეგიონული ჯგუფის შემადგენლობაშია. მაგალითად, ევრაზიულ ჯგუფში რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები შედიან, მაგრამ უკრაინის ომის დაწყების პირველ და მეორე წლისთავზე რუსეთის უფლებამოსილება ჯერ მნიშვნელოვნად შეიზღუდა, შემდეგ კი მისი წევრობა შეჩერდა. ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ძლიერი რეპუტაციული დარტყმაა.
თუმცა რუსეთი FATF-ის „შავ“ სიაში შეყვანილი არ არის, რაც უკავშირდება მისი რეგიონული ევრაზიული ჯგუფის, ასევე, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილო აფრიკისა და სპარსეთის ყურის ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნის მოთხოვნას, რომ რუსეთს სავაჭრო ოპერაციები გაეგრძელებინა და სიებში ამ სავაჭრო საქმიანობის გამო არ მოხვედრილიყო.
ევროკავშირის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის მქონე მესამე ქვეყნების „შავი,“ ანუ იგივე „ნაცრისფერი“ სია ასეთია: ავღანეთი, ალჟირი, ანგოლა, ბურკინა-ფასო, კამერუნი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ჰაიტი, ირანი, კოტ-დ'ივუარი, კენია, ლაოსი, ლიბანი, მალი, მონაკო, მოზამბიკი, მიანმარი, ნამიბია, ნეპალი, ნიგერია, ჩრდილოეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ სუდანი, სირია, ტანზანია, ტრინიდადი და ტობაგო, ვანუატუ, ვენესუელა, ვიეტნამი, იემენი და ახლა უკვე რუსეთიც.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→